წინანდალი
წინანდლის ბაღი დღეს 12 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა ალექსანდრეს დროს იგი გაცილებით დიდ ფართობს მოიცავდა. გადმოცემით ალექსანდრემ ევროპელი დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის გასამშვენიერებლად.
პარკი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლის გამო, (ურთხელი, Ginkgo Biloba, იაპონური კრიპტომერია, მაგნოლია, Maclura Pomifera და სხვა.) არამედ, თავად პარკის დაგეგმარების თვალსაზრისითაც.
წინანდლის ბაღის თავისებურებას ქმნის არა მხოლოდ ადამიანის ხელთქმნილ გარემოში სივრცის წინასწარ გათვლილი წყობა და განლაგება როგორც, მაგალითად, ვერსალის ბაღია, არამედ უფრო ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი. ანუ, ევროპული პარკებისგან განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორიცაა რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა.
Comments
Post a Comment